Loading data...
თამარ იოსელიანი: ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრმავოთ და ორი ქვეყანა ერთმანეთს ბევრად უფრო დავაახლოოთ

„ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა განსაკუთრებული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ნამდვილად მისცემს ბიძგს ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების მეტად გაღრმავებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

თამარ იოსელიანმა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ეკონომიკურ ეფექტზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა - 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით, რასაც, მისი შეფასებით, დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული წარმოების განვითარებაში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024-2025 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 17%-ით და 21%-ით გაიზარდა, 2026 წლის ოთხ თვეში კი უპრეცედენტო 45%-იანი ზრდა შეადგინა.

„ჩინეთი იკავებს მესამე ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში 11.5%-იანი წილი აქვს სწორედ ამ მიმართულებას. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ წარმოების ექსპორტის ბაზრის მიხედვით, 2024 და 2025 წლებში ჩინეთი მეორე ადგილს იკავებდა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მონაცემებია იმისათვის, რომ ვთქვათ - ეკონომიკური კავშირები მომავალშიც უფრო მეტად გაღრმავდება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან და ადგილობრივ ბიზნესთან ერთად“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც 2018 წელს ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. მისი შეფასებით, აღნიშნული შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელმაც დიდი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების ახალ ეტაპზე გადასვლას და რომლის შედეგებიც ყოველწლიურ ზრდის დინამიკაში აისახება. თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა - 2026 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, გარდა იმისა, რომ საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 45%-ით გაიზარდა, ასევე ექსპორტი გაიზარდა სამჯერ და ზრდამ დაახლოებით 194% შეადგინა.

„ვფიქრობ, სწორედ ეს მაჩვენებლები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებასაც, რომ ვივარაუდოთ - 2026 წელი ამ მიმართულებით უპრეცედენტოდ მზარდი წელი იქნება, ისევე, როგორც შემდგომი წლები. ამასთან, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე გაიზარდა სამჯერ, რამაც მოგვცა დაახლოებით 218%-იანი ზრდა. ეს არის 77.8 მილიონი აშშ დოლარი, რის შედეგადაც მისი წილი მთლიან ექსპორტში დაახლოებით 97%-ია. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები ადასტურებს - საქართველოსა და ჩინეთს შორის მსგავსი ტიპის შეთანხმებები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გავაღრმავოთ და შესაბამისად, ორი ქვეყანა ერთმანეთს ბევრად უფრო დავაახლოოთ“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.