Loading data...
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი დიდია - ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი

„ჩვენ გავამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

„ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, არამედ ეს არის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მთლიან სატრანსპორტო შუა დერეფნის სისტემას გავზარდოთ გამტარუნარიანობა, მოცულობები და შესაბამისად, საქართველოს როლი ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გავამყარებთ ჩვენს პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. ახლაც, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურის აკვატორიაში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება“, - აღნიშნა იოსელიანმა.