„თაკარა ვაინსი“: ძალიან კმაყოფილები ვართ, დიდი ნაბიჯები გადაიდგა ჩინურ ბაზარზე შესასვლელად
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მასშტაბის ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორიც ჩინეთის იმპორტის გამოფენაა - ორი საკმაოდ მსხვილი კომპანია დაინტერესდა და უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ჩინურ ბაზარზე შესასვლელად. ეს ბაზარი საინტერესოა, რადგან ჩინელი მომხმარებლები კარგად არჩევენ მაღალი ხარისხის ღვინოებს“, - განაცხადა „თაკარა ვაინსის“ წარმომადგენელმა, თამარ შაფათავამ. კომპანია შანხაიში მიმდინარე China International Import Expo (CIIE)-ში მონაწილეობს.
5-10 ნოემბერს შანხაი საერთაშორისო იმპორტის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას - China International Import Expo (CIIE)-ს მასპინძლობს, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
40-მდე ქართული კომპანია სტუმრებს სხვადასხვა ქართულ პროდუქტს სთავაზობს. გამოფენა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ კონტაქტები დისტრიბუტორებთან, რესტორნებთან, საცალო ქსელებთან და ონლაინ პლატფორმებთან.
China International Import Expo-ზე, წელს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი. შანხაის გამოფენას დაახლოებით 150 ათასი ვიზიტორი ჰყავს.