შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების გავლენის საკითხებზე იმსჯელეს რიგით 30-ე ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებმა მოხსენებები წარადგინეს.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებებზე, საკანონმდებლო ორგანოს როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მშენებლობა და უძრავი ქონების სექტორი ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 18%-ია. აღსანიშნავია, რომ სექტორები მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა, რაც პირდაპირ აისახება ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების შემოსავლებზე. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სექტორების სწორი განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული და დეველოპერული სექტორების სტაბილურად განვითარებისთვის არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომელსაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც საუბარია ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეს გულისხმობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზების მშენებლობას, ჩქაროსნულ სარკინიგზო მიმოსვლას, საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალი აეროპორტის მშენებლობას, რომლებიც ერთობლიობაში მულტიმოდალურ ლოგისტიკურ სისტემას ქმნის. მისივე შეფასებით, აღნიშნული ლოგისტიკური ჰაბი, რომელიც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია.
„თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნით და ინტეგრირებული მულტიმოდალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ რეგიონის როლი შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სისტემაში. აღნიშნული სტრატეგიული დერეფანი საინტერესოა არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელება ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე შეფასებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება პირდაპირ კავშირშია სამშენებლო-დეველოპერული სექტორის ზრდასთან. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე საერთაშორისო დეველოპერული კომპანიების შემოსვლა. მათი მზარდი დაინტერესება საქართველოს მიმართ, ერთი მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებასა და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
„ტურისტულ სექტორში საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, როგორც ერთ-ერთმა მიზიდულობის ცენტრმა, მაგრამ გამოწვევას წარმოადგენს მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა. ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისას ერთი ტურისტი საშუალოდ 640-700 აშშ დოლარს ხარჯავს, მაშინ როცა ეს ციფრი დუბაიში და აბუ-დაბიში 2 400 აშშ დოლარს შეადგენს. დიდი საერთაშორისო დეველოპერული კომპანიების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ტურიზმის სექტორს, ვფიქრობთ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს და მინიმუმ გაორმაგდეს. ეს კი პირდაპირ შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას და დადებით გავლენას მოახდენს იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, რომლებიც ტურისტულ სექტორში არიან დასაქმებული“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, მრავალი კომპანიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების დეფიციტი რჩება.
„ამ მიმართულებით როგორც პარლამენტი, ისე საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - იგეგმება ახალი პროფესიული კოლეჯებისა და გადამზადების ცენტრების შექმნა. შედეგად, იმ სექტორებში, სადაც დღეს პროდუქტიულობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კადრების გადამზადება მოხდება. სწორედ ასეთ სფეროებს მიეკუთვნება მშენებლობისა და დეველოპმენტის სექტორი, სადაც კვალიფიციური სამუშაო ძალის უზრუნველყოფა დღეს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოსვლა თანამედროვე ტექნოლოგიების, მართვის სისტემების ცოდნის მიღებას და გამოცდილების გაზიარებას ნიშნავს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, ბიზნესი კიდევ უფრო ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი გახდეს, ხოლო პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. საქართველოს ეკონომიკას სჭირდება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და მეტი კაპიტალი, რაც ბიზნესს კრედიტებზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება. აქვე აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კვლევისა და განვითარების მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებენ. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ინოვაციების წახალისებას, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ეკონომიკურ ფორუმს პარლამენტის წევრები ლევან მაჭავარიანი და ზურაბ რურუა, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების, საბანკო სექტორის, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.