შალვა პაპუაშვილი: ტრამპის ბრენდი როცა შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, „ტრამპთაუერ თბილისი“ ურთიერთსასარგებლო პროექტია, რომელიც წინ უსწრებს ეპოქას
„ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტს საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამასთან, როდესაც ტრამპის ბრენდი შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მსოფლიო მასშტაბით გამონაკლისი ეკონომიკური ზრდის ტემპია, რის გამოც ხორციელდება იდეა, თბილისში აშენდეს ცათამბჯენების კომპლექსი „ტრამპთაუერის“ ბრენდის ქვეშ.
„პროექტის პრეზენტაციიდან მოვდივარ, მართლაც სასწაული პრეზენტაცია იყო, თავისი შინაარსით და ფორმით. ამ პროექტს ორგვარი მნიშვნელობა აქვს, ერთი – ეს არის 2 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, რაც თავის მხრივ, ძალიან დიდი და მოცულობითი ინვესტიციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ პარალელურად, „იგლ ჰილსის“ პროექტის 6-მილიარდიანი ინვესტიცია არის. ჯამში, ამ ორ საინვესტიციო პროექტში 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. ასე რომ, ეს თავისთავად ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
მეორე, ეს არის ბრენდი. როდესაც ტრამპის ბრენდი შედის რომელიმე ქვეყანაში, ქალაქში, ეს უკვე თავისთავად არის განაცხადი. დღეს ტრამპის ვაჟმა, რომელიც ჩაერთო პრეზენტაციაზე, ერიკ ტრამპმა ისაუბრა კიდეც, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, „ტრამპთაუერი“ აშენებულიყო საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ იდეების და პროექტების 99 პროცენტი, როგორც წესი, უარყოფილი არის, სწორედ ამ იდეამ, თბილისში აშენებულიყო ცათამბჯენების კომპლექსი „ტრამპთაუერის“ ბრენდის ქვეშ, მიიპყრო ტრამპის ორგანიზაციის ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არის მართლაც მსოფლიო მასშტაბით გამონაკლისი ეკონომიკური ზრდის ტემპი.
ჩვენ საშუალოდ 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ასეთი ზრდა არცერთ ქვეყანას არათუ რეგიონში, მსოფლიოში არ ჰქონია. ასე რომ, ეს აჩვენებს დიდ პოტენციალს ინვესტიციებისთვის. მეორე ეს გახლავთ თავად საქართველო, თბილისი, როგორც ადგილი, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე, კულტურების გასაყარზე, თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური მნიშვნელობით არის და აქ ტრამპის ბრენდის გამოჩენა, ვფიქრობ, თავად ტრამპის ორგანიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დედამიწის ამ წერტილში, ამ გზაგასაყარზე სხვადასხვა ცივილიზაციებისა, ტრამპის ბრენდი ამაყად ჩანდეს და ანათებდეს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ურთიერთსასარგებლო პროექტი, რომელიც, დღეს აღნიშნეს კიდეც, მართლაც წინ უსწრებს ეპოქას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.