Loading data...
სებ-ისა და GITA-ს ერთობლივი სტუდენტური კონკურსის UNI4VERSE-ის გამარჯვებული გუნდი 20 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა და უდიდეს ტექნოლოგიურ Web Summit-ზე გაემგზავრება

საქართველოს ეროვნულმა ბანკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი მასშტაბური სტუდენტური კონკურსის UNI4VERSE-ის გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილია.

რიგით მეორე კონკურსის გამარჯვებული წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის(BTU) გუნდი AEGIS გახდა.

UNI4VERSE ყოველწლიური ინოვაციების და ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კონკურსია, რომელიც ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარების ხელშეწყობას ემსახურება და სტუდენტებს საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობას აძლევს. წელს კონკურსში საქართველოს 32 უნივერსიტეტი ჩაერთო, მისი მთავარი თემა კი ფინანსური განათლება იყო.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა ფინანსური სერვისების ინტეგრაციის, ინვესტიციებისა და გრძელვადიანი დაგეგმვის გამარტივების, კიბერუსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ბიუჯეტირებისა და დაზოგვის უნარების გაუმჯობესების, ასევე მცირე ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების ანალიზის თემატიკაზე იმუშავეს. ფინალურ ეტაპამდე მონაწილეებმა იდეების გენერირების სემინარები, საინფორმაციო შეხვედრები და ონლაინ სამუშაო სესიები გაიარეს, რომელშიც მთლიანობაში 1 300-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

გამარჯვებული გუნდი თბილისის „ტექნოპარკში“ გამართულ დემო დღეზე გამოვლინდა, სადაც კომპეტენტური ჟიურის წინაშე ფინალურ ეტაპზე გადასულმა გუნდებმა საკუთარი პროექტები და პროტოტიპები წარადგინეს.

კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა. ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს სებ-ის ხედვა გაუზიარა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში ცენტრალური ბანკის როლის შესახებ.

„ფინანსური განათლება და ფინანსური ტექნოლოგიები თანამედროვე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია, ხოლო ახალგაზრდების ცოდნა, ხედვა და ინოვაციური აზროვნება ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. მოხარულები ვართ, რომ ამ კონკურსის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც თქვენი შესაძლებლობები გამოავლინეთ და იდეების წარმოსაჩენად სპეციალური პლატფორმა შექმენით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

UNI4VERSE ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ, საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუსთან“ პარტნიორობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და „ინოვაციური განათლების ფონდის“ კოორდინირებით განხორციელდა.

საფინანსო სექტორიდან პროექტის პარტნიორები „ბაზისბანკი“, „პეივბანკი“, „კრედო ბანკი“, მიკრობანკი „ემბისი“, „ტერაბანკი“, „თიბისი ბანკი“ და VISA იყვნენ. მათი მხარდაჭერით გამარჯვებული გუნდი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაწესებულ 20 000 ლარიან გრანტთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტექნოლოგიურ კონფერენციაზე „Web Summit“-ზე გაემგზავრება.

დამატებით, მე-2 ადგილზე გასული გუნდი 2 000 ლარიანი ფულადი პრიზით „თიბისი ბანკმა“ დააჯილდოვა.