საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 8.9%-ით გაიზარდა და 2 364 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით, ანუ 193.7 ლარით გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 952.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 7.9 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 290.7 ლარი (გაიზარდა 3.1 პროცენტით); სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 3 230.4 ლარი (გაიზარდა 11.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 186.0 ლარი (გაიზარდა 7.1 პროცენტით).
საქსტატის ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 901.8 ლარი, ხოლო კაცების – 2 836.0 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.7 ლარი (9.0%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 234.7 ლარი (9.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში სამეწარმეო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 166.3 ლარით, ანუ 7.7%-ით და 2 335.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 358.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 2.4 პროცენტით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 632.7 ლარი, გაიზარდა 6.8 პროცენტით).
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 242.8 ლარით, ანუ 11.2%-ით გაიზარდა და 2 413.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერია თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.