საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობამ 450 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი დინამიკურად ზრდას განაგრძობს. მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდა 2025 წელი, როდესაც საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა წინა წელთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 459 მილიონ ლარს მიაღწია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ეროვნული ბანკის მიერ 11 აქტივების მმართველი კომპანია და 21 საინვესტიციო ფონდი იყო რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობას საქართველოში „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი და ეროვნული ბანკის მიერ მის საფუძველზე შემუშავებული ჩარჩო არეგულირებს. ახალი ჩარჩო ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
