საქართველოს ეროვნულ ბანკში არასაბანკო სექტორისთვის სამუშაო შეხვედრა - „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ გაიმართა
საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, ეროვნულ ბანკში არასაბანკო სექტორისთვის სამუშაო შეხვედრა - „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ გაიმართა.
ღონისძიებაზე სებმა ანგარიშგების მიმართულებით განახლებული მოთხოვნები წარადგინა, რომელიც საოპერაციო საქმიანობის ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების განახლებულ ინსტრუქციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს.
სემინარები ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ემსჯელათ არასაბანკო სექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე.
სესიებს თბილისის 120-ზე მეტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი და სესხის გამცემი სუბიექტი დაესწრნენ. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საინფორმაციო შეხვედრების წლევანდელმა სერიამ დედაქალაქსა და რეგიონებში ჯამში 300-ზე მეტი არასაბანკო სექტორის სუბიექტი მოიცვა. აღსანიშნია, რომ მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ბოლო სამი წელია ტარდება და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.