საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: გადაზიდვების სექტორის ზრდადი დინამიკა პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკისთვის

საქართველოს გადაზიდვების სექტორში 2025 წლის პირველ ნახევარში ზრდადი დინამიკაა. კერძოდ, იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით, რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორის - შუა დერეფანზე საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე საზღვაო პორტებსა და საჰაერო გადაზიდვებში.
საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტის გივი თხელიძის შეფასებით, არსებული დადებითი დინამიკა ცხადყოფს, რომ გადაზიდვების სექტორი იზრდება და ვითარდება, რაც მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„მაგალითად, ჩინეთიდან და პირიქით - ჩინეთისკენ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი კონტეინერების რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 9,800 TEU-ს, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 173%-იანი მატებაა. ასევე ზრდა ფიქსირდება საზღვაო პორტებში - ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებში ტვირთების ზრდამ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი, 5,9%-იანი შეადგინა - აღნიშნულმა პორტებმა 2025 წლის 6 თვეში 7 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს “, - აღნიშნა გივი თხელიძემ.
ამასთან, ზრდა ფიქსირდება საკონტეინერო გადაზიდვების მხრივაც - ამ პერიოდში ქვეყნის ორივე მთავარ ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ 375,654 TEU შეადგინა, რაც წინა ანალოგიურ მაჩვენებელზე 19,5 პროცენტით მეტია.
ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ასეთივე, მნიშვნელოვანი ზრდის დინამიკაა საჰაერო გადაზიდვებშიც - საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 2025 წლის იანვარ-ივნისში უკვე გადამუშავდა 16.5 ათასი ტონა ტვირთი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.6% -ით მეტია (10.5 ათასი ტონა).
გივი თხელიძის შეფასებით, ეს მონაცემები საქართველოს ეკონომიკისთვის პირდაპირპროპორციულია - რაც უფრო მეტი ტვირთი გაივლის ჩვენს ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით, მით უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდაც.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მოვიხსენიებით და უნდა ჩამოვყალიბდეთ ერთგვარ ჰაბად, სადაც უნდა შეჯერდეს ამ სატრანსპორტო დერეფანში გამავალი ტვირთი - ჩვენს საზღვაო პორტებში, ასევე თბილისის მშრალ პორტში და შემდეგ უნდა გადანაწილდეს. ალბათ აუცილებელია იმაზე ფიქრი, რომ მომავალში მათი მოცულობა კიდევ უფრო გავზარდოთ. ტვირთბრუნვის ზრდაც ამაზე მეტყველებს - თუ ის ყოველ წელს იზრდება, მაშინ ჩვენ უნდა გავიზარდოთ ინფრასტრუქტურულადაც და სხვა კუთხითაც. რაც შეეხება საქართველოსთვის ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდის მთავარი ეფექტს - ის ეკონომიკურ ზრდაში გამოიხატება. ეს ბევრ ასპექტს შეიძლება მოიცავდეს - გაჩნდება ახალი კომპანიები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ა.შ.“, - აღნიშნა გივი თხელიძემ.