საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა

ეროვნულმა ბანკმა, საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარების სერია გამართა. სემინარი „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება“ ამჯერად იმერეთისა და აჭარის რეგიონებისთვის ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსგავს შეხვედრებში ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის ორმოცდაათამდე სესხის გამცემი სუბიექტი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობდა. წლევანდელ შეხვედრას კი ორასამდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის წარმომადგენელი დაესწრო.
განიხილეს არასაბანკო სექტორის ძირითადი მარეგულირებელი აქტების მნიშვნელოვანი საკითხები. მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების ინსტრუქციას. ყურადღება გამახვილდა საოპერაციო რისკების შემცირებისა და კორპორატიული მართვის გაძლიერების აუცილებლობაზე. ასევე, ცალკე მოდული დაეთმო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, მათ შორის, პრევენციული ზომების მნიშვნელობას.
სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება. იმსჯელეს არასაბანკო სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ასევე რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მიერ მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არასაბანკო საფინანსო სექტორის გაჯანსაღებას, გამჭვირვალობის ზრდასა და რეპუტაციის გაუმჯობესებას.
„ეროვნული ბანკის, როგორც მარეგულირებლის მიერ ჩატარებული შეხვედრები ხელს უწყობს საფინანსო სექტორის უწყვეტ განვითარებას, სექტორში დასაქმებული პერსონალის აღჭურვას აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, რათა დაცული იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ეთიკური სტანდარტები. აღნიშნული სემინარი ასევე ხელს შეუწყობს ეფექტიან მართვასა და რისკების შემცირებას, რაც საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და სანდოობის წინაპირობაა“, - განაცხადა არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ბოკუჩავამ.
„აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პროექტების მიმართ დიდი ინტერესია როგორც საქართველოს საფინანსო და საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით, რასაც არაერთი წარმატებული ღონისძიება ადასტურებს. ეროვნული ბანკი აპირებს პროფესიული განათლების პროექტები კიდევ უფრო გააფართოოს და სულ უფრო მეტი სამიზნე ჯგუფი მოიცვას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ახალკაცმა.