Loading data...
პრემიერი: ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები ჯამურად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით, 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით - ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება

2019-2022 წლები იყო მაღალი ინფლაციით გამორჩეული გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში, თუმცა 2023 წლიდან, დასტაბილურდა ინფლაციური პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მთლიანობაში, 6.4 % იყო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3 წლის განმავლობაში ჯამურად და 9.7 % იყო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე და ამავე პერიოდში საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9 %-ით, ანუ 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით.

„რაც შეეხება ეკონომიკას და ციფრებს - ერთი რამ არის სათქმელი, იმიტომ რომ ამაზე ერთ-ერთი პოლიტიკოსის, მაგალითად, გიორგი ვაშაძის ტყუილები მოვისმინე პირდაპირ ვიტყვი ამას. რა მდგომარეობაა რეალურად, ინფლაციის კუთხით რა ვითარება გვაქვს და რამდენად ეწევა ინფლაციას ეკონომიკური ზრდა, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ. ეს ციფრებშია გამოხატული, ეს ციფრებია დადასტურებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ამ ციფრებში ვერ მოიტყუები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება საშუალო ხელფასს.

ადამიანები იხდიან საშემოსავლო გადასახადს და საშემოსავლო გადასახადით ძალიან მარტივადაა შესაძლებელი, გადაამოწმო რამდენად გაიზარდა ადამიანების ხელფასები. საშემოსავლო გადასახადს შვიდი დეპუტატი ხომ არ იხდის, იხდის მილიონი ადამიანი, რომელიც დაქირავებით, თუ არადაქირავებით არის დასაქმებული საქართველოში. მონაცემები არის ასეთი - ჩვენ გვქონდა რთული ინფლაციური პროცესები 2019-2022 წლებში. ეს იყო გლობალური ინფლაციური პროცესების გამოძახილი, მაგალითად, 2023 წლამდეც კი პიკზე იყო ევროპაში ინფლაცია. თვეების განმავლობაში 19 %-საც კი მიაღწია ინფლაციამ.

იყო რთული პროცესები, სხვადასხვა ფაქტორთან იყო ეს ყველაფერი დაკავშირებული, იყო „კოვიდი“, მერე ომის დაწყება და ა.შ. 2019-2022 წლები იყო მაღალი ინფლაციით გამორჩეული გლობალურად და მათ შორის, საქართველოში. თუმცა 2023 წლიდან, 3 წელიწადზეა საუბარი, დასტაბილურდა ინფლაციური პროცესები და ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები გაიზარდა 6.4 %-ით, 3-წლიან მაჩვენებელზეა საუბარი.

უშუალოდ სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 9.7 %-ით 3 წელიწადში. აქაც ეკონომიკის თეორია რას გვეუბნება, რომ ეს არის ოპტიმალური მაჩვენებელი ინფლაციის. 2 %-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ინფლაცია, ეკონომიკის თეორიის თანახმად, მათ შორის, სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე. 2 %-ზე ნაკლები თუა, ეს აწვება, მათ შორის, წარმოებას.

მწარმოებელს ეზრდება ხარჯები ხელფასებზე, იჯარაზე და ა.შ. ამას ინფლაცია უნდა დაეწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები წარმოიშობა. 2 %-ზე ნაკლები ინფლაცია ასევე ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს აქვს ეკონომიკური, ფინანსური პრობლემა და ამ კუთხითაც 2 %-ზე დაბალი ინფლაცია მიიჩნევა, რომ არის არასწორი, არაოპტიმალური ეკონომიკისთვის, ჯანსაღი განვითარებისთვის. ასევე, მიიჩნევა, რომ 4 %-ს რაც უფრო მეტად ცდება ინფლაცია, საშუალოდ წლიურად, მით უფრო მეტად აწვება ეს ადამიანის ჯიბეს, ანუ ესეც არ არის სასურველი და ოპტიმალური.

მთლიანობაში, საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, დაახლოებით 3 %-იან მაჩვენებელს ესადაგება 3-წლიან ჭრილში ინფლაცია. ანუ მთლიანობაში, 6.4 % იყო სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3 წლის განმავლობაში ჯამურად და 9.7 % იყო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

იგივე პერიოდში დაეწია თუ არა ამას ეკონომიკის ზრდა და ხელფასების ზრდა, ანუ ნომინალური ხელფასის ზრდა - იმ პერიოდში, როდესაც 9.7%-ით გაიზარდა ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9 %-ით. 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ მეტის შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე, ეს აისახება სურსათზეც და სხვა პროდუქტებზეც.

ეს არის მათემატიკა, მათემატიკური სიზუსტით დგინდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, მედიანური ხელფასი იქნება, თუ საშუალო ხელფასი, იდენტურად გაიზარდა. მედიანური ხელფასიც გაიზარდა იდენტურად, როგორც გაიზარდა საშუალო ხელფასი“, - აღნიშნა პრემიერმა.