ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ „ხალხის ძალის“ წევრებს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გააცნო

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი მაკროეკონომიკური და ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრები გააცნო.
მან ასევე ისაუბრა საგადასახადო შემოსავლებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებსა და ასიგნებებზე.
„ქვეყნის ეკონომიკა მომდევნოს წელს 110 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ოთხწლიან პერიოდში 140 მილიარდ ლარზე მეტი იქნება. შესაბამისად, ამ ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული დოვლათის გადანაწილება პრიორიტეტულ მიმართულებებზე მოხდება.
2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდი ლარია, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა 30 475, 9 მილიონ ლარს შეადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 9 620,8 მილიონი ლარით, რაც 2025 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 800.8 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ამ თანხის დიდი ნაწილი - 5 015,0 მილიონი ლარი საპენსიო უზრუნველყოფისთვისაა გათვალისწინებული. იგულისხმება პენსიების ზრდა როგორც 70 წლამდე, ასევე 70 წელზე მეტი ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია გადამუშავდება და რამდენიმე მიმართულებით სიახლეები იქნება, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გარკვეული რესურსების მობილიზება მოხდება.
პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილის, ეკა სეფაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტშიც ხარჯების დაახლოებით ერთი მესამედი სოციალური დანიშნულებით იქნება მიმართული.
„შეხვედრის დროს განვიხილეთ საქართველოში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, გზებისა და წყალგაყვანილობის სისტემების მშენებლობა, ასევე ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობა და სხვა. ჩვენ აქტიურად შევეხეთ საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებს, რომელთა გადასაჭრელად ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებია გამოყოფილი. რიგ მიმართულებებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მეტი ყურადღების დათმობა და მეტი ფინანსური რესურსის მობილიზებაა საჭირო. იმედი გვაქვს, რომ ფინანსთა სამინისტრო ჩვენს მოსაზრებებს ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებისას გაითვალისწინებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.