ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით
„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების კომენტირებისას.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულ პარამეტრებზე დაყრდნობით. გათვალისწინებულია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, დეფიციტის მაჩვენებელი - 2,5 % მშპ-სთან მიმართებით, ასევე, ვალი კვლავ კლებულობს და 31,6%-ის ფარგლებშია შენარჩუნებული.
„ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს თუ შევხედავთ, 37,6 მილიარდი ლარია ჯამური ხარჯვითი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით, 800 მლნ ლარზე მეტით გაზრდილია ჯანდაცვის, 400 მლნ ლარზე მეტით - განათლების მიმართულება. როგორც პენსიების, ასევე, შშმ პირთა ნაწილში გათვალისწინებულია გასაცემლების ზრდა ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მთლიან საჯარო სექტორში და განათლების ნაწილში ხელფასების ზრდა. მომავალ წელს იგეგმება რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება. ესაა თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისი-რუსთავის მიმართულება, ასევე, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობების დაწყება. არის ბიუჯეტის პირველადი ვერსია და ჩვენ მომდევნო ორი თვის განმავლობაში აქტიურად ვითანამშრომლებთ პარლამენტთან და ნოემბრის ბოლოსთვის იქნება ჩამოყალიბებული საბოლოო ვერსია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.