Loading data...
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სააგენტო Fitch Ratings-ის ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება განაპირობა საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესებამ, როგორიცაა საერთაშორისო რეზერვების ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენცია, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.

მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და მაღალი ენერგოფასების ფონზე.

„საქართველო კვლავ ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს. ანგარიშის პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იგივე რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალ ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს, რაც 2023-2025 წლებში 8%-ს აღემატებოდა. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია დაბალი ფისკალური მაჩვენებლები, როგორიცაა დეფიციტი და ვალის მაჩვენებელი, მათ შორის, ის ფაქტორი, რომ საგარეო ვალი, ძირითადად, შედგება საინვესტიციო პროექტებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კონსესიური სესხებისგან. ხაზგასმულია მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მდგრადობა, აღნიშნულია საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესება, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და რეზერვები, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ.

2026 წლის 30 ოქტომბერს საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.