მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან იაგოდა ლაზარევიჩთან.
მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებსა და ამ მიმართულებით მომავალი ურთიერთობების პერსპექტივებზე. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე მზაობას და ამის შესახებ ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა დაკავშირებადობა ორ ქვეყანას შორის, რაც განსაკუთრებული სტიმულია როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის სექტორის კომუნიკაციის განვითარებისთვის. მარიამ ქვრივიშვილმა სერბ კოლეგასთან დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის ხედვასა და გეგმებზე, მათ შორის ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებისა და ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.
სერბეთში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი და იაგოდა ლაზარევიჩი საქართველო - სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომას გახსნიან, ასევე ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და სერბეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით.
ბელგრადში მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე.