მარიამ ქვრივიშვილი: წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი არის დაკავშირებადობა, გვქონდა შესაძლებლობა, კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბროთ იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

„წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი არის დაკავშირებადობა. მათ შორის, ინვესტიციები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ კიდევ უფრო მეტად და ვრცლად ესაუბრათ იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.
„წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი არის დაკავშირებადობა. მათ შორის, ინვესტიციები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დღეს, ისევე როგორც გვექნება ხვალ, რომ კიდევ უფრო მეტად და ვრცლად ვისაუბროთ იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ისევე როგორც ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც აშენდება ჩვენს ქვეყანაში, მიმდინარე და დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურა, მაგისტრალური გზები და არამხოლოდ. ამავდროულად, საქართველოს რკინიგზის არსებული მოდერნიზება, ისევე როგორც ახალი და სამომავლო გეგმები, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას შუა დერეფანში.
ეს არის ალბათ ის ძირითადი მესიჯები და გზავნილები, რომელიც ფორუმის გარშემო შევძელით და საერთაშორისო არეალზე გავიტანეთ. ამავდროულად, გვქონდა შესაძლებლობა, რომ უშუალოდ საინვესტიციო პანელის ფარგლებში, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას და მან ძალიან ამომწურავად ისაუბრა თუ რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი ქვეყანა და თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ შიდა, ისევე როგორც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ, მათ შორის დაგეგმილი აქტივობების შესახებ. იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რაღა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გავაგებინეთ დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო მედიას თუ როგორი წარმატებულია ჩვენი ქვეყანა უშუალოდ ეკონომიკური განვითარების კუთხით.
როგორც მოგეხსნებათ, გასული წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ეკონომიკური ზრდით. საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 9, 7 პროცენტი იყო, გასულ წელს 9, 4 პროცენტი. მიმდინარე წელს დაახლოებით 8 პროცენტს შეადგენს უკვე, რაც საქართველოს აპოზიციონირებს მსოფლიოში როგორც მესამე ქვეყანას ეკონომიკური ზრდის კუთხით, თუმცა უპირობო ლიდერია რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის. რაღა თქმა უნდა, ამის გარშემო იყო საკმაოდ ბევრი საუბარი. მათ შორის, საქართველოს მაგალითი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეძლო საქართველომ მიუხედავად ამდენი სირთულისა ასეთი წარმატების მიღწევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა პლატფორმას ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარვადგინოთ და მოვყვეთ იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს ჩვენი ხვალინდელი დღის გაკეთილშობილებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.