მარიამ ქვრივიშვილი: „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ არამარტო რითეილ სექტორის განვითარებას, არამედ ტურიზმის სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს

რეგიონში პირველი აუთლეტი „თბილისი აუთლეტ ვილიჯი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
მარიამ ქვრივიშვილმა დამფუძნებლებს და თანამშრომლებს მიულოცა საქმიანობის დაწყება და აღნიშნა, რომ აუთლეტ სოფელი მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის, რომლის ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ ლარს აჭარბებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმდება ჩვენი ქვეყნის 250-მდე მოქალაქე. ახალი პროექტები ემსახურება ეკონომიკის და უშუალოდ სექტორების მდგრად განვითარებას. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში გვაქვს ძალიან დადებითი ეკონომიკური ზრდის დინამიკა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია თითოეული სექტორის მდგრადი, დინამიკური და ასევე დივერსიფიცირებული გზით განვითარება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
აუთლეტ სოფლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტ საერთაშორისო ბრენდს მოიზიდავს საქართველოში - დეკემბრის ბოლოს „აუთლეტ ვილიჯში“ 50-მდე ბრენდი იქნება წარმოდგენილი. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი ქვეყანაში არამარტო რითეილ სექტორის განვითარებას, არამედ ტურიზმის სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს.
„პროექტს ვუყურებთ, როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრს და ახალ ტურისტულ მიმართულებას. დარწმუნებულები ვართ, რომ აუთლეტ სოფელს ეყოლება ძალიან ბევრი მომხმარებელი - არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ საქართველოში ჩამოსული ტურისტები, სტუმრები ფართო რეგიონიდან, ევროპიდან და აზიის ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ, აუთლეტ სოფლები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში. დარწმუნებულები ვართ, რომ პროექტი უდიდეს წვლილს შეიტანს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში. ქვეყნის პოლიტიკა სრულად ეფუძნება ტურიზმიდან მიღებული დანახარჯების ზრდას და, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები უზრუნველყოფს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის მიღებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუთლეტ სოფელი უპრეცედენტოა რეგიონის მასშტაბით. მინისტრის თქმით, ობიექტისთვის სწორი ლოკაციაა შერჩეული - ის თბილისთან და ვაზიანის ახალ, საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მის წარმატებით საქმიანობას.
„ვაზიანის აეროპორტი უკვე რამდენიმე წელში შეემატება დედაქალაქს და დარწმუნებული ვარ, პროექტის კონცეფცია, მისი ადგილმდებარეობა და მასშტაბური განვითარების გეგმა უზრუნველყოფს, რომ აუთლეტ სოფელი იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.