Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მლნ ლარის ყოველწლიური შემოსავალი ბიუჯეტში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკაზე „იგლ ჰილსის“ პროექტის გავლენაზე საუბრისას, ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ყველა ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში თავისი ღირებულება აქვს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მუდმივად ვზრუნავთ, რომ შემოსული ინვესტიცია ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელდეს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამისთვის ბევრს ვაკეთებთ კერძო სექტორთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა და აქცენტი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის სამ ძირითად მახასიათებელზე გააკეთა.

„პირველია პირდაპირი კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეგვიძლია დღეს შევაფასოთ, როგორც 11 მლრდ ლარი. მეორეა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული მონაცემებით ვისაუბროთ, რომ მშენებლობის პროცესში 24,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში. მას მერე, რაც პროექტი ოპერირებაში გაეშვება, უკვე მუდმივი 8,000 სამუშაო ადგილი გაჩნდება, მათ შორის, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ღირსეული დასაქმების ადგილები ნახონ. და მესამე, რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი - ბიუჯეტში შემოსავალი ორი არხით შევა. დაახლოებით 500 მლნ ლარს ბიუჯეტი უშუალოდ გადასახადების სახით მიიღებს. ამასთან, სახელმწიფო არის პროექტის თანაპარტნიორი - სახელმწიფო ერთობლივ საწარმოში 33 პროცენტის წილის მფლობელია და შესაბამისად, სახელმწიფო ყოველწლიურად ასეთი ღირებული პროექტიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიიღებს 33 პროცენტის ეკვივალენტის შემოსავალს. ათი წლის განმავლობაში, ეს არის 2 მლრდ ლარი, რაც საშუალოდ წელიწადში 200 მლნ ლარი გამოდის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შედეგად, როგორც მინისტრმა განაცხადა, საწყის ეტაპზე სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მლნ ლარის ყოველწლიური შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში.