Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება

ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ისაუბრა, მათ შორის, ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება.

„საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანამ საიმედოდ შეძლოს ევროპასა და აზიას შორის მზარდი სავაჭრო ნაკადების შეუფერხებელი გატარება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, გლობალური გამოწვევებისა და ვაჭრობის დინამიკის ცვლილებების ეპოქაში, რეგიონული სატრანსპორტო კავშირები და ინიციატივები, მათ შორის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი და შუა დერეფანი მდგრადობისა და თანამშრომლობის საიმედო სიმბოლოდ იქც.

„რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, სატრანსპორტო სისტემების განვითარებისა და ლოგისტიკური პროცესების დასაჩქარებლად, საქართველომ შუა დერეფნის განვითარება მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა და ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის აქტიური მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარება და ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელის მოდერნიზაცია. იმისთვის, რომ შუა დერეფანი სხვა გლობალური მარშრუტების კონკურენტუნარიან ალტერნატივად იქცეს, აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს დროული, უსაფრთხო და ეფექტიანი გადაზიდვები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.