Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს.ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ.

საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.