Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება პრიორიტეტულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo (CIIE)) საქართველოს საგამოფენო სივრცე დაათვალიერა. წელს, საქართველო, როგორც გამოფენის საპატიო სტუმარი ქვეყანა, სამი პავილიონით არის წარმოდგენილი და ჯამში, 1000 კვ.მ. ფართობზეა განთავსებული.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა.

„ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის, ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. ასევე ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს მემორანდუმებსა და შეთანხმებებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო - ეკონომიკურ და ხალხთა შორის ურთიერთობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა ასევე შეაფასა საქართველოს მონაწილეობა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე.

მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო პირველად არის წარმოდგენილი, როგორც საპატიო სტუმარი.

„მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბიზნესისა და სახელმწიფოსათვის მეტი და სტაბილური შემოსავლების მიღების მიზნით საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა საქართველოსთვის და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გამყარება, რომელსაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა, ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. სწორედ ასეთ მიზნობრივ, შედეგზე ორიენტირებულ და მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე, ეს ყოველივე გააძლიერებს ჩვენს მეწარმეებს და გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას. ექსპორტზე ორიენტირება ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და მდგრადობის, ეროვნული ვალუტის სიმყარისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად იქნება გამოყენებული”, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, გამოფენაზე პროდუქცია 40 ქართულ კომპანიას აქვს წარმოდგენილი.

„კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ღირსეულად წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ნაირსახეობა გამოფენაში, სადაც საქართველო სამი პავილიონითაა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, შეგვეძლება, კერძო სექტორთან ერთად, ადგილობრივ ჩინურ კომპანიებს ქართული პროდუქცია გავაცნოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს კიდევ ერთ პავილიონზე, სადაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ქართულ კულტურას, ასევე დააგემოვნონ ქართული კერძები და ქართული ღვინო.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ, ერთი მხრივ, კიდევ უფრო მეტად გავზრდით საქართველოს ცნობადობას ჩინეთის ტურიზმის ბაზარზე და მეორე მხრივ, უზრუნველვყოფთ, რომ ერთიანი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ჩვენი მეწარმეების პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველო მონაწილეობას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უწევს ორგანიზებას.

სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო. საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უწყვეტად, უკვე მერვედ მონაწილეობს.