მარიამ ქვრივიშვილი: რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი
„2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში მივიღებთ პირველ გემს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ის გეგმა-გრაფიკი, რომელსაც სახელმწიფო ზედმიწევნით მიჰყვება.
„მიუხედავად არაერთი სპეკულაციისა, რომელიც ამ პროექტის გარშემო დღემდე გვესმის, იცით, რომ დღეს უკვე აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება და მშენებლობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს დაღრმავების და ტალღმჭრელის ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ყველა პორტისთვის. ამიტომ, ეს პროცესი დღეს უკვე დაწყებულია.
რაც არ უნდა ისაუბრონ ოპონენტებმა, ყველას შეუძლია ადგილზე ჩავიდეს და ნახოს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში დღეს მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო პროცესი. ჩვენმა გუნდმა უკვე რამდენიმე თვეა დაიწყო მუშაობა განახლებული გენგეგმის შექმნის და, ასე ვთქვათ, მოდიფიცირების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება მოდელის და, ზოგადად, პორტის ოპერირების სტრუქტურის ცვლილება“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მოცულობები, რომელიც პირველ ფაზაში იყო წარმოდგენილი, გადაიხედება, რადგან შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადიდან გამომდინარე, საქართველოს პირველ ფაზაშივე შეუძლია ბევრად უფრო მეტი ტვირთის მიღება, გადამუშავება და გატარება, ვიდრე ეს იყო საწყის ეტაპზე წარმოდგენილი.
„ძალიან გაზრდილია ტვირთნაკადი, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში. ამდენად, საწყის ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გეგმა გულისხმობს უშუალოდ მშრალი და ნაყარი ტვირთების, კონტეინერების საგრძნობლად ზრდას და საკონტეინერო კომპონენტში პარტნიორებთან ერთად გვექნება კონსულტაციები იმისთვის, რომ შევაფასოთ ზრდის დინამიკიდან გამომდინარე ის საჭიროებები, რომელიც პორტს ექნება.
რაც შეეხება მოდელს, დიახ, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, ამავდროულად არის ყველაზე აპრობირებული და წარმატებული საერთაშორისო მოდელი. ამ მოდელის საფუძველზე ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საქართველო, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში, იქნება პორტის მფლობელი. ეს იქნება ქართული პორტი.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, ეს არ მოხდება წილობრივი თანამონაწილეობით, ეს მოხდება უშუალოდ საპორტო ინფრასტრუქტურის, ამ შემთხვევაში სატერმინალო ინფრასტრუქტურის ოპერირების პირობით. 2029 წელს ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველ გემს მივიღებთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.