მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ კერძო სექტორთან დიალოგის ფორმატით სწორი გადაწყვეტის გზები მონახოს, რათა ფასების შემცირება იყოს არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გამოსავალი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის პოლიტიკასა და ინსტრუმენტებზე ისაუბრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში, რომლის თემა სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დარეგულირება იყო.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობის პოლიტიკა სრულად ემყარება იმას, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალია და მან თავად უნდა წარმართოს თავისი სამეწარმეო საქმიანობა. მარიამ ქვრივიშვილმა მაღალი ფასების საკითხის გადაწყვეტის პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ბიზნესი ბუნებრივად მომართულია, რომ ჰქონდეს მეტი შემოსავალი. ამასთან, ნებისმიერი მეწარმე, ბიზნესსაქმიანობა ქმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას და ახალ სამუშაო ადგილებს. სწორედ ეს არის ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი - სახელმწიფომ კერძო სექტორთან დიალოგის ფორმატით სწორი გადაწყვეტის გზები მონახოს იმისთვის, რომ ფასების შემცირება იყოს არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გამოსავალი, რათა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ერთად ვიზრუნოთ. ეს არის მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ განაგრძოს მცირე და საშუალო მეწარმეებზე ზრუნვა და მათი ხელშეწყობა, რათა ჰქონდეთ წვდომა დამატებით ფინანსებზე, შეძლონ პროდუქციის წარმოება და დამატებითი ღირებულების შექმნა ეკონომიკის არაერთი მიმართულებით. სწორედ აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომლებიც პირდაპირ პასუხობს არსებულ საჭიროებებსა თუ გამოწვევებს, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.
„მაგალითისთვის დავასახელებ „აწარმოე საქართველოსა“ და სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA). „აწარმოე საქართველოში“ დაახლოებით 9 პროგრამა გვაქვს, რომლებიც მუდმივად განახლებადია, იცვლება მეწარმეების საჭიროებების მიხედვით. 2014 წლიდან 2025 წლამდე სახელმწიფომ 900 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, რითაც დაახლოებით 15,000-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს მისცა შეღავათიან პირობებში განვითარების შესაძლებლობა - იქნებოდა ეს საგრანტო კომპონენტი, სესხის პროცენტი, სუბსიდირება თუ სხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, განეხორციელებინათ დამატებით 6 მლრდ ლარის ინვესტიცია სხვადასხვა სექტორებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ხელშეწყობის პროგრამების განხორციელების შედეგად ქვეყანაში შეიქმნა 90,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ამასთან, 2013 წლიდან 2024 წლამდე სოფლის მეურნეობის სექტორში, ამ მიმართულებით 2 მლრდ 713 მლნ ლარი იქნა ინვესტირებული.
„ამან პირდაპირ უპასუხა იმ გამოწვევას, რომ აგრობიზნესის გამოშვება 2012 წლიდან 2024 წლამდე 2,5-ჯერ არის გაზრდილი და ფაქტობრივად, 3 მილიარდიდან დღეისთვის უკვე 8 მლრდ ლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა უზრუნველყო, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეები იზრდებიან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.