Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: ყველა ის განცხადება, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის და Eagle Hill-ის მასშტაბური ინვესტიციის დისკრედიტაციას, არაეროვნული საქმეა

„საქართველოში „იგლ ჰილს“-ის პროექტებთან დაკავშირებით ჩვენ ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიას, ტყუილებით სავსეს იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ბრძენია, ის ძალიან კარგად ასხვავებს კეთილ და კარგ საქმეს ცუდი საქმისგან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე გაკეთებული განცხადებების პასუხად.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანამ შეძლო და ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალი, 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, ცალსახად მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება მთლიანად ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, პირველ რიგში, პროექტის განმავლობაში გონიოსა და დედაქალაქში ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება - უმთავრესად საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.

„შეიქმნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის, იქნება ახალი შესაძლებლობები ქართული დეველოპერული და ტურისტული სექტორებისთვის. რა თქმა უნდა, ყველა ის ფაშისტური განცხადება, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის და მასტაბური ინვესტიციის დისკრედიტაციას, არაეროვნული საქმეა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.