მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტის განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და პირდაპირი მიმართულებების ზრდას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობასა და აეროპორტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო.
აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3500 მეტრის ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფუნდამენტის მოწყობა, ინერტული მასალების შეტანა, ასფალტის დაგება, ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე დასრულების ეტაპზეა მიწის საექსკავაციო პროცესი და მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკის საფუძვლის მოწყობისა და თვითმფრინავების სადგომ ბაქანზე ცემენტბეტონის საფარის სამუშაოები. პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარამდეა.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს - ჩვენს ქვეყანაში პირველად აშენდება სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. მისი დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მომსახურებას შეძლებს. ეს ნიშნავს რეისებს უფრო შორი მანძილებიდან, ასევე, ტვირთების მომსახურებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქუთაისის აეროპორტის როლს ქვეყნის ეკონომიკაში და ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტი გამოირჩევა სწრაფად მზარდი დინამიკით, რაც ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ და პირდაპირი ფრენებისა და სიხშირეების ზრდამ განაპირობა.
მისი თქმით, 2025 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 238 458 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„მიმდინარე წელს ვგეგმავთ აეროპორტის განვითარების არსებული გეგმის რევიზიას, რათა გაიზარდოს სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 3.5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია.