Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს - ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებით

„ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არსებული, სიღრმისეული ურთიერთობის და თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოსა და ყაზახეთ შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდის თვალსაზრისით.

ამ შეთანხმების საფუძველზე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი ყაზახეთში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. ამავდროულად, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ძალიან დადებით, ხელშესახებ შედეგებს იქონიებს ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების, ასევე, ინვესტიციების ზრდის კუთხით.