Loading data...
მარიამ ქვრივიშვილი: ინიციატივები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს

„ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს მკაფიო როლი აქვს - ჩვენი ქვეყანა ამ დერეფნის არა პასიური ბენეფიციარი, არამედ სხვებთან ერთად მისი წარმატებისა და ეფექტიანობის აქტიური არქიტექტორია. ყველა ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ქმნის უფრო სტაბილურ, პროგნოზირებად გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დერეფანი განვავითაროთ არამხოლოდ ტვირთების გასატარებლად, არამედ ნდობისა და ხანგრძლივი რეგიონული თანამშრომლობის შესაქმნელად“, - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ევროკავშირის გლობალური კარიბჭის ინიციატივა რეგიონს სთავაზობს ძლიერ ჩარჩოს მდგრადი და მომავალზე ორიენტირებული კავშირის შესაქმნელად. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებისადმი ერთიან მიდგომას და ხელს უწყობს ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ხედვასა და გრძელვადიან ეკონომიკურ ღირებულებაზე დაფუძნებულ პარტნიორობას.

„ნავსადგურების, გზებისა და რკინიგზის მოდერნიზაციით, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციითა და სატრანსპორტო პროცესების გაციფრულებით ვამყარებთ საქართველოს პოზიციას, რომ ქვეყანამ სრულყოფილად უზრუნველყოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.