მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ნავსადგურზე: ეს იქნება ქართული პორტი - საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან
„წილები არ გაიყიდება, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ იმისთვის, რომ არ იყოს შემდგომი სპეკულაციები“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ქართული პორტი - სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი.
„სხვა არავინ არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის მფლობელი, მფლობელი იქნება სახელმწიფო. ეს არის ქართული პორტი და ეს იქნება ქართული პორტი.
რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიების ჩართულობას, როგორც უკვე მოგახსენეთ, საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს მფლობელობასთან“, - განაცხადა მინისტრმა.