ლევან ფხაკაძე: არსებობენ პროექტები, რომლებიც თვითონ ცვლიან ქალაქის განვითარების მიმართულებას, როცა მსოფლიო ბრენდი შედის ქვეყანაში, მას მოაქვს გამოცდილება, საერთაშორისო კავშირები, ახალი აუდიტორია, გამორჩეული კულტურა
„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პროექტს, რომელიც თავისი მნიშვნელობით და მასშტაბით გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შენობა ან თუნდაც რომელიმე ერთი კონკრეტული ბრენდი. DownTown Tbilisi შედგება ექვსი გამორჩეული შენობისგან, რომლებიც თავიანთ კონცეფციაში აერთიანებენ საცხოვრებელ, სავაჭრო, საზოგადოებრივ და ბიზნეს ფუნქციებს“, – ამის შესახებ Invia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ფხაკაძემ თბილისში, „ტრამპთაურის“ ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ტრამპთაუერის“ ბრენდირებული რეზიდენციები უნიკალური ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
„ჩვენთვის DownTown Tbilisi მხოლოდ უძრავი ქონების პროექტი არ არის. ეს არის ხედვა იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს თბილისი, ქალაქი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ისტორიას, უნიკალურ იერსახეს და ამავდროულად თავდაჯერებულად იყურება მომავლისაკენ. მსხვილი პროექტების მნიშვნელობა მხოლოდ მასშტაბში არ გამოიხატება. მათი მთავარი ღირებულებაა, თუ რას ქმნიან და როგორ ცვლიან ისინი ქალაქს, ქვეყანას და ჩვენ მომავალ თაობებს. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ისეთი გლობალური ბრენდი, როგორიც არის Trump Organization-ი როდესაც შედის ქვეყანაში, ეს ნიშნავს უდიდეს ნდობას ქვეყნის მიმართ, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამ ორგანიზაციის. ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისი არის აღიარებული ქალაქად, სადაც შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის უმაღლესი სტანდარტის მსხვილი პროექტის განხორციელება. როდესაც მსოფლიო ბრენდი შედის ქვეყანაში, მას ბუნებრივია მხოლოდ სახელი არ შეაქვს. პირველ რიგში მას მოაქვს გამოცდილება, მას მოაქვს საერთაშორისო კავშირები, ახალი აუდიტორია და ხარისხის უნიკალური, გამორჩეული კულტურა. ამიტომ, ჩვენ გვჯერა, რომ DownTown Tbilisi არა მხოლოდ ჩვენი ქალაქის იერსახეზე მოახდენს დადებით გავლენას, არამედ ძალიან დიდ როლს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში“, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე თქმით, არსებობენ პროექტები, რომლებიც თვითონ ცვლიან ქალაქის განვითარების მიმართულებას.
„არსებობენ პროექტები, რომლებიც ქვეყნისა და ქალაქის ისტორიაში ვითარდებიან, ქალაქის სივრცეში, რომლებიც ჩვეულებრივად, თავისი ტემპით ვითარდებიან და მათი განვითარების შემდგომ ქალაქს დიდი სხვაობა არა აქვს, მაგრამ არსებობენ პროექტები, რომლებიც თვითონ ცვლიან ქალაქის განვითარების მიმართულებას. ჩვენი ამბიციაა, რომ DownTown Tbilisi სწორედ ასეთი პროექტი იყოს, ის გახდეს ჩვენი ქალაქის ღირსშესანიშნაობა და ჩვენი ქვეყნის თანამედროვე სახე. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოგვეცა ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. ამავდროულად ვგრძნობთ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის მერიასა და საკრებულოს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტში. არქიტექტორებს, ინჟინრებს. მინდა, გითხრათ, რომ პროექტში საუკეთესო არქიტექტორული კომპანია, მსოფლიოს ლიდერი კომპანია Gensler-ი არის ჩართული. მინდა გითხრათ ასევე, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ Trump Organization-ისგან და კიდევაც აღნიშნეს ახლა გამომსვლელებმა – აგერ ილიამაც გვითხრა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღესდღეობით შეიძლება საქართველოს ეკონომიკა და საქართველო არ იყოს მზად ასეთი პროექტისათვის. აბსოლუტურად ვეთანხმები ილიას, რომ ალბათ რამდენიმე წლით გავუსწარით მოვლენებს, მაგრამ ჩვენ გვჯერა და იმედი გვაქვს, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, დროულია, ის, რასაც ვაკეთებთ, სჭირდება საქართველოს და ვიღაცამ ოდესღაც რაღაც ყოველთვის პირველმა უნდა გააკეთოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული არის ამ პროექტში და ჩვენ გვჯერა, რომ DownTown Tbilisi იქცევა ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის სიამაყის სიმბოლოდ და მნიშვნელოვან როლს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წარმატებაში“, – განაცხადა ფხაკაძემ.