ლევან დავითაშვილი: Emaar-ის შემოსვლა საქართველოში სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი გზავნილი

„Emaar-ი არის ძალიან ცნობილი კომპანია, ცნობადი ბრენდი, სახელი და ასევე, გამოცდილი პარტნიორი. ვფიქრობ, მისი საქართველოს ბაზარზე შემოსვლა წაახალისებს მთლიანად სექტორს და ახალ სტანდარტებს შემოიტანს, რაც ვფიქრობ, დარგის სხვა წარმომადგენლებს გარკვეულწილად მიეხმარება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკა და ახალი შესაძლებლობები.
მისი შეფასებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერის Emaar Properties/Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობას გაზრდის და სხვა ინვესტორებისთვისაც იქნება წამახალისებელი გზავნილი.
აღსანიშნავია, რომ Emaar Properties/Eagle Hills-ი საქართველოში უძრავი ქონებისა და ტურისტულ სექტორებში რეკორდულ ინვესტიციას განახორციელებს 6 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით.
უშუალოდ საამიროებში, Emaar Properties-ისა და Eagle Hills-ის მსხვილ პროექტებს განეკუთვნება - დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ბურჯ-ხალიფა, დუბაი მოლი, ფეშენებელური დეველოპერული კომპლექსი რამანის კუნძულებზე აბუ-დაბიში, პროექტები Dubai Marina-ს ელიტურ საკურორტო ზონაში და სხვა.