ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით
„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო კომერციული ბაზრებისთვის საქართველოს მეტად გაცნობისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მიმართულებით“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმატებით ახორციელებს და გააგრძელებს მუშაობას საშინაო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და ვალის სტრუქტურის შემდგომი გაჯანსაღების მიმართულებით.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი წარმატებები ღია ბაზარზე აქტივობის მიმართულებით.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში, მოხდა ევრობონდების წარმატებული გამოშვება, რომელმაც აჩვენა ინვესტორების მხრიდან მნიშვნელოვანი სანდოობა საქართველოს ეკონომიკისადმი.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, გარდა საფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და ღია ბაზარზე ქვეყნის აქტივობისა, საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
მინისტრის თქმით, საუბარია Eagle Hills-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
ლაშა ხუციშვილის თქმით, მისიის ფარგლებში განხილულ იქნა სხვადასხვა სტრუქტურული რეფორმა და მიმართულება.
მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სავალუტო ფონდთან სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან დაკავშირებულ ტექნიკური დახმარების ანგარიშს, რომელიც ხაზს უსვამს იმ დიდ პროგრესს, რომელსაც ამ მიმართულებით მიაღწია ქვეყანამ.
მისი თქმით, საქართველო განაგრძობს ამ რეფორმას და მიმდინარე სამოქმედო გეგმებში ასახული იქნება აღნიშნული ანგარიშის რეკომენდაციები, რაც სრულ თანხვედრაშია მთავრობის პრიორიტეტებთან.
მისი განცხადებით, მეოთხე მუხლის მისიის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საინტერესო სამუშაო გასწია შრომის ბაზრისა და დასაქმების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესწავლაზე, რაც ლაშა ხუციშვილის თქმით, დროული და მნიშვნელოვანია.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური დახმარებების, ასევე, მეოთხე მუხლის კონსულტაციების ფარგლებში, რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალებას მისცემს დეტალურად და სიღრმისეულად შეხედოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და სამომავლო ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერსებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.