Loading data...
ქვრივიშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე: ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“

„ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის ექსპულატაციაში შესვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის მხარე მოტივირებული იყო, რომ პროექტი, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებულიყო.

„ეს არის ისტორიული პროექტის ტექნიკური ნაწილის დასასრული. ორივე მხარე მოტივირებულები ვიყავით, რომ ძალიან სწრაფად მომხდარიყო ტექნიკური თუ კომერციული საკითხის ჩახურვა და მოლაპარაკებების დასრულება.

მოხარული და ამაყი ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ უკვე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოვაწერეთ პროექტის სრულ ექსპლუატაციაში მიღების პროტოკოლს. ეს ნიშნავს იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში გვექნება უკვე ოფიციალური გახსნა აღნიშნული პროექტის. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის და აზერბაიჯანისთვის, ასევე, თურქეთის რესპუბლიკისთვის.

ეს ნიშნავს, რომ სრულიად ახალი მარშრუტი იხსნება, რომელიც დააკავშირებს ევროპას აზიასთან, მათ შორის დააკავშირებს აზერბაიჯანს-თურქეთთან, საქართველოს-თურქეთთან, თურქეთს-ჩინეთთან და ა.შ. და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რგოლი, რომელიც თავისი შინაარსით იქნება მეტი ღირებულების მომტანი „შუა დერეფნისთვის“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.