ITU-ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი: საქართველოს პროაქტიური მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით
„ინტერნეტმმართველობის ფორუმი არის უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ციფრულ განვითარებას და, ამავდროულად, აკავშირებს მას გლობალურ საზოგადოებასთან“, - განაცხადა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა იაროსლავ პონდერმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
იაროსლავ პონდერმა ინტერნეტმმართველობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა გავმართოთ საკოორდინაციო შეხვედრების სერია საქართველოს მთავრობასთან და ხელი შევუწყოთ ციფრულ განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით განვითარებად ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. აღსანიშნავია მთავრობის მიდგომა - უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის სტიმულირება“, - აღნიშნა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა.
იაროსლავ პონდერმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი.
„ვამაყობთ, რომ საქართველოში ვხედავთ ინტერნეტის შეღწევადობის მაღალ მაჩვენებლებს და ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის, მათ შორის 5G-ის დანერგვაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. საქართველოს ხელისუფლების პროაქტიური მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, განსაკუთრებით კი ციფრული კავშირების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მან.
„ჩვენ ვგეგმავთ მუშაობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა ციფრული უნარების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საწარმოო დონეზე და მისი გამოყენება მოქალაქეების მიერ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურულმა ინვესტიციებმა შედეგი გამოიღოს და ციფრულ კავშირს ქვეყნისთვის რეალური, შინაარსობრივი დანიშნულება ჰქონდეს. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, - აღნიშნა იაროსლავ პონდერმა.