Loading data...
ირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს მონაწილეობით ოთხი საერთაშორისო ტოპ აქსელერატორის საქართველოში შემოსვლა ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა გამართა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განმახორციელებელ საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებსა და სტარტაპებთან.

მინისტრის მოადგილემ პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

„ამ მიზანს ემსახურება მთელი რიგი პროგრამები, ღონისძიებები, მათ შორის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც სწორედ ამისთვის შეიქმნა. ჩვენ დღეს ვაკვირდებით ქართულ, ეროვნულ სტარტაპ ეკოსისტემას, რომელიც რეგიონში გამორჩეულია, იზიდავს რეგიონულ სტარტაპებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გლობალური მოთამაშეები აქსელერატორების, ვენჩურული ფონდების, მენტორების, ინვესტორების და სხვადასხვა მოთამაშეების სახით არიან დღეს საქართველოში წარმოდგენილები და სულ უფრო მეტი ინტერესით აკვირდებიან ქვეყანაში ამ სექტორის განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პროგრამაში ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი მონაწილეობს - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute. პროგრამის მიზანია, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ინოვაციური სტარტაპების დახმარება გლობალურ ბაზარზე გასვლის, ინვესტიციების მოზიდვისა და შემდგომი განვითარების კუთხით.

აქსელერაციის ერთწლიანი სრული ციკლი სამ ფაზას მოიცავს, ამ ეტაპზე სტარტაპებისთვის პროგრამის პირველი, ორთვიანი ფაზა მიმდინარეობს, რომელსაც Startupbootcamp და Plug and Play ახორციელებს, მიმდინარე წლის ივლისიდან მათ 500 Global და Founder Institute შეუერთდება. პროგრამის ფარგლებში წელიწადში 160 სტარტაპი გაივლის აქსელერაციას. წარმატებული სტარტაპები ინოვაციების სააგენტოსგან ასევე მიიღებენ 150,000 ლარის ოდენობის გრანტს.

მინისტრის მოადგილემ Radio City- ში არსებული სამუშაო სივრცე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძესთან და პროგრამის მონაწილეებთან ერთად დაათვალიერა. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ქვეყანაში სახელმწიფოს მონაწილეობით და ჩართულობით ოთხი საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის შემოსვლა ახალი ეტაპის დასაწყისი და ის ფუნდამენტია, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას.

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა იმ ეკონომიკურ ეფექტზე, რომელიც ზოგადად ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებამ მოიტანა.

„სახელმწიფოს მხრიდან, საგრანტო პროგრამაში დააახლოებით 40 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა, სტარტაპების გარკვეულმა ნაწილმა დაახლოებით 700 მლნ ლარის ინვესტიცია, შემოსავალი და სხვა ეკონომიკური სარგებელი დააგენერირა. ამან მოგვცა საფუძველი რომ დაგვეწყო მოლაპარაკება მსოფლიო დონის აქსელერატორებთან, რომლებშიც დღეს ქართული სტარტაპები მონაწილეობენ. შედეგად, მათ შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში გაიარონ აქსელეარცია, იმუშაონ თავიანთ ბიზნეს პროექტებზე, პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ დასავლურ ბაზრებთან - როგორც კაპიტალის მოზიდვის, ისე მათი პროდუქტების განვითარების და მომხმარებელზე წვდომის ნაწილში. დარწმუნებულები ვართ, ეს კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმ მიმართულებით, რასაც გლობალურ ბაზარზე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და წარმატება ჰქვია“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.