Loading data...
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოში „იგლ ჰილსის“ შემოსვლა ნიშნავს იმ პოლიტიკის ეფექტურობის და მიზნობრიობის აღიარებას, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

საქართველოში „იგლ ჰილსის“ შემოსვლა ნიშნავს იმ პოლიტიკის ეფექტურობის და მიზნობრიობის აღიარებას, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, არაბული კომპანიის შემოსვლა აღიარებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის ის, რომ საქართველომ შეძლო და ძალიან რთული გეოპოლიტიკური მოცემულობის მიუხედავად შეინარჩუნა მშვიდობა.

„ეს არის აღიარება იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც საქართველო აჩვენებს ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდა კაპიტალის მოცულობისა, „იგლ ჰილსის“ პროექტების შემთხვევაში მნიშვნელოვანია კაპიტალის ბუნება და შინაარსი.

„ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პროექტების უკან დგას მსოფლიო დონის ინვესტორი, რომელიც არის ამავე დროს უძრავი ქონების დარგში გლობალური ტრენდების შემქმნელი. მუჰამედ ალაბარი არის ადამიანი, რომლის სახელს და გვარს უკავშირდება უნიკალური პროექტები ბევრ ქვეყანაში და არა მხოლოდ გაერთიანებულ საამიროებში. საქართველოში შემოსვლა იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, მისი გადაწყვეტილებები საინვესტიციო ნაწილშიც ტრენდულია. მისი გადაწყვეტილებით საქართველო გაჩნდა ბევრი ახალი ინვესტორის თვალსაწიერში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის ეფექტს ძალიან მალე ვნახავთ“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.