Loading data...
ირაკლი ნადარეიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: სამ ნაწილად შეიძლება ამ პროექტის სიკეთის დაყოფა თითოეული მოქალაქისთვის, ეს არის დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და გადასახადები, რომლებიც წავა ბიუჯეტში ამ პროექტების განვითარების კვალდაკვალ

სამ ნაწილად შეიძლება ამ პროექტის სიკეთის დაყოფა თითოეული მოქალაქისთვის, ეს არის დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და გადასახადები, რომლებიც წავა ბიუჯეტში ამ პროექტების განვითარების კვალდაკვალ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტის დადებით ეფექტებზე საუბრისას.

მისივე თქმით, საუბარია პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში ეკონომიკურ ზრდაზე ექნება ეფექტი, ასეა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც, სადაც „იგლ ჰილსი“ არის შესული.

„გადასახადები და შემოსავალი, რაც კომპანიას ექნება პარტნიორობიდან გამომდინარე, დაახლოებით 700 მილიონი ლარი, რაც არის დამატებითი ინვესტირება სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურაში, სკოლებში, ბაღებში, სოციალურ ჯანდაცვის პროგრამებსა და ა.შ.

დასაქმება, რომელიც რიცხვებშიც ძალიან შთამბეჭდავია. საუბარია სამშენებლო პერიოდში 24 ათას სამუშაო ადგილზე, შემდგომ პერიოდში დაახლოებით 8 ათას სამუშაო ადგილზე. ამ კომპანიას კაპიტალთან ერთად ძალიან მაღალი კვალიფიკაცია შემოაქვს, როგორც კონტრაქტორებისთვის, ისე საკუთარი თანამშრომლებისთვის. ის ხარისხი და ტექნოლოგიები, რაც იქნება ამ კომპანიის მიერ დაგეგმილი ყველა სფეროში, იქნება მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი ჩვენს ქვეყანაში, რაც აისახება ათი ათასობით ოჯახსა და ქვეყანაზე“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.