Loading data...
ირაკლი ნადარეიშვილი: ექსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შემუშავებულია მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევა

„ექსპორტი არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, არამედ ზოგადად ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შემუშავებულია მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები და მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.

მან უპასუხა კითხვას - რა იგეგმება იმისთვის რომ საჯარო სერვისები რეგიონებში სრულფასოვნად მიწოდებული იყოს, ასევე ის ცენტრები, რაც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში არსებობდა გაფართოვდება, მოდერნიზდება?

„გარკვეულ ეტაპზე როდესაც პირველადი ფინანსური საჭიროება გარკვეულ ეტაპამდე მივიყვანეთ, დავინახეთ მკაფიოდ საჭიროება ბიზნესის კეთების კომპეტენციის, განსაკუთრებით რეგიონებში და შევქმენით ცენტრები, სადაც თავი მოვუყარეთ კერძო სექტორის საუკეთესო საკონსულტაციო კომპონენტს, რომელსაც ვაკავშირებთ მცირე და საშუალო ბიზნესთან იმისთვის, რომ მაგალითად ბიზნესმა მოახდინოს გაციფრულება, მიიღოს კონსულტაცია და რეალური მხარდაჭერა მარკეტინგის, ბრენდინგის, გაყიდვების მიმართულებით. გაციფრულება არის ერთ-ერთი მაღალმოთხოვნადი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვაწვდით.

არ მისაუბრია ექსპორტზე, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არამხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით, არამედ ზოგადად ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, შემუშავებულია მთელი რიგი ახალი ინსტრუმენტები და მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურ ფაზაში შევა“, - აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა კითხვას - სრულად სარგებლობენ თუ არა ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები იმ შესაძლებლობებით, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს?

„მეწარმეობა არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს იდეა, შესაძლოა გარკვეული რესურსიც ჰქონდეთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ხშირად არ არის მარტივი. ცენტრების ამოცანაა სწორედ, რომ დაეხმაროს, მათ შორის პირველი ნაბიჯების გადადგმაში. მაგალითად, არის ასეთი სერვისი, როდესაც ჩვენ ვეხმარებით მეწარმეს ბიზნესგეგმის შედგენაში, ყველა იმ რისკის გათვლაში, ფინანსურ მოდელირებაში, ბანკთან ურთიერთობაში, პოტენციურ მომხმარებელთან და კლიენტებთან ურთიერთობაში, რაც, რა თქმა უნდა, აადვილებს პირველი ნაბიჯების გადადგმას მეწარმეებისთვის“, - დასძინა ნადარეიშვილმა.