Loading data...
ირაკლი ნადარეიშვილი: ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში

„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, დაახლოებით 40 მილიარდი ლარის ინვესტირებას შეუწყობს ხელს კორპორაცია მომავალი 10 წლის განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში „იმედიLIVE“ .

მინისტრის მოადგილემ კორპორაციის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ აქედან ორი მესამედი ახალ მიმართულებებს დაეთმობა, სადაც სახელმწიფო აქამდე ნაკლებად აქტიურობდა.

„თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ საკმაოდ დიდი როლი ითამაშა სააგენტომ [აწარმოე საქართველოში], მაგალითად, სასტუმრო სექტორის განვითარებაში, სადაც 500 სასტუმროზე მეტი არის პროგრამის ფინანსური კომპონენტით მხარდაჭერილი, ჩვენ 10 წელზე უფრო ადრე პერიოდში ვისაუბრებთ, რამდენად გაიზარდა, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის წილი ჩვენს საფინანსო სექტორში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილი თქმით, ფინანსურ სექტორში კაპიტალის ბაზრის წილის გაზრდა პრიორიტეტულია.

„გვაქვს ამოცანა, რომ დაახლოებით 40% გახდეს კაპიტალის ბაზრის წილი მთლიან ფინანსურ სექტორში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი ბევრი მიმართულებით, მათ შორის დასაქმების, ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკური ზრდის, ექსპორტის და სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიმართულებების“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.