ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენი მიზანია, მეტი აქცენტი გავაკეთოთ ტურიზმის სექტორში ადგილობრივი ბიზნესის, სერვისების განვითარებასა და მხარდაჭერაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ინდუსტრიის განვითარების მიზნით დაგეგმილი სამუშაოების და მიმართულებების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანაორგანიზებით გაიმართა.
ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ტურიზმის ზრდის დინამიკაზე, მათ შორის ავიაციის სექტორზე. მინისტრის მოადგილემ ასევე განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის ზრდის პროცესში პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების მნიშვნელობაზე გააკეთა.
„საქართველოში დღეს 70-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით მთელ მსოფლიოში, რასაც თავისი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მხრიდან ბოლო წლებში 614 სასტუმრო პროექტია მხარდაჭერილი, რაც 1,3 მლრდ ლარის ინვესტიციის მხარდაჭერილი პორტფელია, ასევე 270 სარესტორნე ობიექტი, რაც დაახლოებით 250 მლნ ლარის ინვესტიციაა“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლი აქვს 2024 წელს დაწყებულ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც 50,000 ლარამდე სესხებს მოიცავს - ფიქსირებული 8,5% განაკვეთით და მთელი რიგი ჯგუფებისთვის 0%-იანი განაკვეთით. ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პორტფელის დაახლოებით 70% ტურიზმის მიმართულებაა, პროგრამის დაწყებიდან წელიწადსა და ორ თვეში 671 განთავსების ობიექტი დაფინანსდა პროგრამის ფარგლებში და 200-ზე მეტი სარესტორნე ობიექტი.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ირაკლი ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა, ადგილობრივი მიწოდების სერვისების თანხვედრაა ტურისტული ნაკადების ზრდასთან - როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად, მათ შორის მაღალმხარჯველი ტურისტების მოსაზიდად.
„ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ ტურიზმის სექტორში ადგილობრივი ბიზნესის, სერვისების განვითარებასა და მხარდაჭერაზე. ასევე მნიშვნელოვანია მეტი აქცენტი გაკეთდეს ადგილობრივი პროდუქტის ჩამოყალიბებაზე, იქნება ეს ტურისტული ლოკაციები თუ კურორტები. ამ პროცესში ყოველთვის ღია ვართ კერძო სექტორთან თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.