Loading data...
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და ხელისუფლება სწორედ ამიტომ საუბრობს ფასების შემცირების საჭიროებაზე.

„საქართველოში ადამიანები ცხოვრობენ ორჯერ უარესად, ვიდრე საფრანგეთში, საფრანგეთში ცხოვრობენ შესაბამისად, ორჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოში, იმიტომ, რომ ნომინალური ეკონომიკა ჩვენს შემთხვევაში არის დაახლოებით 10 000 დოლარიდან, PPP ეკონომიკა გადასცდა 30 000 დოლარს, სულ ცოტა ხნის წინ.

გამოვიარეთ 90-იანი წლები, შემდეგ წინა ხელისუფლების პერიოდი. ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი. მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ვამცირებთ სხვაობას - მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა რომ ავიღოთ, საფრანგეთთან სხვაობა იყო ოთხმაგი. ახლა არის მხოლოდ ორმაგი.

საბერძნეთი რომ ავიღოთ, 90-იან წლებში საბერძნეთში 9-ჯერ უფრო უკეთესი იყო ახლა ეს სხვაობა 50%-ია დაახლოებით. სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და ოფიციალური მონაცემებით, 350 000 ადამიანი საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს რა თქმა უნდა ვიცით. ამიტომ ვსაუბრობთ ზუსტად ფასების შემცირების საჭიროებაზე, ინფლაციური პროცესების დასტაბილურებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მზარდ მონაცემებზე სხვადასხვა მიმართულებით და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციები გაათმაგებულია.

„რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების განვითარებას. გაათმაგებულია ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ ურთულესი მოცემულობის პირობებში - მცირემიწიანობა, მცირე ქვეყანა - ვახერხებთ და გავაორმაგეთ სოფლის მეურნეობის წარმოება ამ წლების განმავლობაში. ამას დიდი ძალისხმევა და დიდი ინვესტიცია სჭირდებოდა. და სერიოზული საბიუჯეტო რესურსებიც იყო ამისათვის მობილიზებული.

რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციას, ყველა მსხვილი ინდუსტრიული საწარმო მოქმედებს პირდაპირი ან ირიბი სახელმწიფო ინდუსტრიებით. ამ საწარმოების მუშაობა ბიუჯეტს უჯდება ფული. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენ გვჭირდება წარმოების შენარჩუნება და ამიტომ უჯდება ფული ეს ყველაფერი სახელმწიფოს. გვიწევს გაზის სუბსიდირება, სხვა მიმართულებით სუბსიდიები. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, არც მრეწველობაში არ გაორმაგდებოდა წარმოება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ფასების დარეგულირების პროცესში უხეშად ვერ ჩაერევა.

„უხეშ ჩარევას რაც შეეხება, სახელმწიფომ რომ დაადგინოს, რომ კონკრეტული პროდუქტი უნდა ღირდეს კონკრეტული ფასი, რაც აფთიაქებში გაკეთებული გვაქვს, არსებობს რეფერენტული ფასების მოდელი. იგივე სურსათზე რომ გავაკეთოთ, ეს კატასტროფა იქნება და ეს იქნება უხეში ჩარევა“, - განაცხადა პრემიერმა.