Loading data...
იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა

2025 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზარდა, ხოლო 2025 წლის იანვარი-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6%-ით განისაზღვრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

2025 წლის ოქტომბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 7.0%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,075 ერთეულს გაუტოლდა.

2025 წლის ოქტომბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ჯანდაცვის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობებისა და ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორებმა. იანვარ-ოქტომბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა.

2025 წლის იანვარი - ოქტომბერში ექსპორტი 6.8 %-ით გაიზარდა და 5.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გამორიცხვით) ზრდა 10 თვეში 4.6%-ს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 3.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

2025 წლის ნოემბერში სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს.