გიორგი ცუცქირიძე: საპარლამენტო კომისიამ უნდა მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე
„საქართველოში დეკემბერში წლიური ინფლაცია როდესაც შემცირდა 4 %-მდე, ოქტომბრის 5.2 %-იან მაჩვენებელთან შედარებით იყო მოლოდინი(არც თუ უსაფუძვლო), რომ ინფლაციური ტრენდი გადატეხილი იყო და ახალი წლის დასაწყისშიც დაიკლებდა, თუმცა იანვარში ისევ გაიზარდა 5.8 %-მდე. ბუნებრივია, გაიზარდა სურსათზე ფასებიც - 10.6 %-ით, მიუხედავად სამთავრობო კომისიის შექმნისა. ასეთ ტრენდს შეიძლება რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდეს და ნაკლებად საქსტატის მხრიდან მონაცემების დამახინჯება იწვევდეს, რასაც ოპოზიცია წარმოგვიდგენს“, - წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, სურსათზე ფასების ზრდა გამოწვეულია როგორც საგარეო, ისე შიდა სტრუქტურული ფაქტორებით და ნაკლებად უკავშირდება საქსტატის მონაცემთა სიზუსტეს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.
ეკონომისტის თქმით, საპარლამენტო კომისიამ უნდა შეისწავლოს და მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები, სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე კონკურენციის ზრდის, ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, და იმპორტზე რისკების შემცირების თვალსაზრისით.
„საქართველოში დეკემბერში წლიური ინფლაცია როდესაც შემცირდა 4 %-მდე, ოქტომბრის 5.2 %-იან მაჩვენებელთან შედარებით იყო მოლოდინი(არც თუ უსაფუძვლო), რომ ინფლაციური ტრენდი გადატეხილი იყო და ახალი წლის დასაწყისშიც დაიკლებდა, თუმცა იანვარში ისევ გაიზარდა 5.8 %-მდე. ბუნებრივია, გაიზარდა სურსათზე ფასებიც - 10.6 %-ით, მიუხედავად სამთავრობო კომისიის შექმნისა. ასეთ ტრენდს შეიძლება რამდენიმე ძირითადი მიზეზი ჰქონდეს და ნაკლებად საქსტატის მხრიდან მონაცემების დამახინჯება იწვევდეს, რასაც ოპოზიცია წარმოგვიდგენს.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ერთ-ერთი მთავარია იმ ჯგუფთაგან, და არა მხოლოდ ჩვენთან, სადაც ფასები ყველაზე სწრაფად და დიდწილად იზრდება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ინფლაციაში. მაგალითად, იანვარში სწორედ ამ ჯგუფის ფასები +10.6% გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია სხვა ტიპის საქონელებთან და მომსახურებასთან შედარებით.
მიმაჩნია, რომ ინფლაციის ზრდის შეფასებისას არც თუ მცირეა სპეკულაციური ელემენტიც, სადაც აქცენტები გადატანილია სამთავრობო კომისიის შექმნის არაეფექტურობაზე და ფასების ზრდის მაპროვოცირებელ ფაქტორადაც კი განიხილება.
ამ საკითხზე წინა პოსტებშიც აღვნიშნე, რომ პრობლემა არა ძირითადი სურსათის პროდუქციის წარმოების ღირებულებაა, არამედ დიდი ფასნამატი განსაკუთრებით საცალო ქსელების და დისტრიბუტორების მხრიდან, ხშირად ამას ბაზარზე დაბალი კონკურენციის „ხარჯიც“ ემატება.
თუ რამ გამოიწვია ფასების ზრდა იანვარში, ეს პირველ რიგში საგარეო ფაქტორებიდან და ჯერ კიდევ მაღალი იმპორტდამოკიდებულებიდან მომდინარეობს. FAO-ს (სახელმწიფოთა სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მსოფლიოს სურსათის ფასების ინდექსი (FFPI) საშუალოდ 127.2 პუნქტი იყო 2025 წელს ანუ 4.3 % უფრო მაღალი, ვიდრე 2024-ში. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე სურსათის საშუალო ფასები ისედაც გაზრდილია და ეს ნიშნული ერთ–ერთი ყველაზე მაღალია ბოლო წლების განმავლობაში .
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასების დაწევის ტრენდი აღარ შეიცვლება. რეალურად, ფასების საერთო ზრდის ტემპი ვრცელ გლობალურ სტატისტიკაში მაინც ნელდება ან მოკლევადიანად მისი ეგრეთ წოდებული კორექცია ხდება, მით უმეტეს საბაზისო ინფლაცია დაბალ 2.4 %-იან ნიშნულზე რჩება.
ბუნებრივია, კომისია ფასებს ვერ „დაუწევს“, როდესაც ბაზარზე არის მაღალი კონცენტრაცია, სადაც 3–5 მსხვილი და ხშირად ურთიერთდაკავშირებული იმპორტიორი/საცალო ქსელი დომინირებს, ხოლო ბაზარზე ახალი მოთამაშეებისთვის შესვლა ძვირი და რთულია. აქედან გამომდინარე, გარდა საგარეო ფაქტორებისა სახეზეა შიდა სტრუქტურული პრობლემებიც.
ფასების მოძრაობის ასიმეტრიის კლასიკური მაგალითია როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ზეთის პირობითად +10%-იანი გაძვირება, ჩვენთან საცალო ქსელებში ფასს +20–25%-ით მაღლა წევს, მაგრამ როცა საერთაშორისო ფასი ზეთზე იკლებს იგივე -10%-ით, საცალო ფასის კლება ხშირად = 0% -ს უტოლდება, ეს უკვე შიდა სტრუქტურული პრობლემაა, და არა გარე. ეკონომიკაში ამ ასიმეტრიას ეძახიან ოლიგოპოლიურ ფაქტორსაც - „rocket and feather effect“ ანუ ფასი ზემოთ — რაკეტასავით, ხოლო ქვემოთ - ბუმბულივით.
მიმაჩნია, რომ მთავარი პრობლემა არის არა სურსათზე დღგ-ს შემცირებაში(უკვე ათეული წელია დღგ-ს განაკვეთი არ შეცვლილა) და არაერთი ე.წ ფასების შოკი ამ დღგ-ს პირობებში გადაიტანა ბაზარმა, არამედ გარდა ფასების ასიმეტრიისა, კიდევ ორ „მტკივნეულ წერტილში“:
კურსის რისკის პრემია ხშირად ზედმეტად მაღალია - 5-8 %, მიუხედავად იმისა, რომ ლარის გაცვლითი კურსი სტაბილურია, ხოლო გასულ წელთან შედარებით სულაც 10 %-ით არის გამყარებული. რაც მთავარია, ძალიან მაღალია საცალო ქსელის ფასნამატი, რაც ყველაზე ნაკლებად გამჭვირვალეა და 30 -40 % -ს უტოლდება და ხშირად მეტიც. საუბარია ისეთ საბაზისო პროდუქტებზე, როგორიცაა: პური, ფქვილი, რძე, შაქარი, ზეთი, ბრინჯი, მაკარონი.
ზოგადად რომ განვმარტოთ „ეკონომიკურად გამართლებული“ ფასნამატი, ეს არის არა „რამდენსაც ბაზარი გადაიხდის“, როგორც აქ არასწორი ინტერპრეტაციებით ხდება, არამედ როდესაც ქსელი ფარავს ყველა ხარჯს, და იღებს ზომიერ მოგებას. რაც მთავარია, არ აზიანებს მომხმარებელს. თავის მხრივ, ფასნამატი = ხარჯები + წმინდა მოგება. ითვლება, რომ ეკონომიკურად გამართლებული ფასნამატი ჩვენნაირ პატარა ბაზარზე საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე 14–18 % არის ნორმალური, ხოლო ზედა 20 % -იანი ზღვარია, რომლის ზემოთ უკვე პრობლემა იწყება, ხოლო 30 % + უკვე სისტემური პრობლემის ნიშანია და არა აუცილებლობა. ასეთი მაღალი ფასნამატი მხოლოდ ხარჯებით ვერ აიხსნება, იგი არის ბაზრის კონცენტრაციის შედეგი და არა ეკონომიკური აუცილებლობა!
თუ ევროპული ფასნამატი (gross-markup) არის საშუალოდ 20–25 %, საქართველოში ამავე პროდუქციაზე გაანგარიშებით შეიძლება იყოს 30–40 % ან მეტი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ფასნამატი დაახლოებით 10–20 პროცენტული პუნქტით მეტია ევროპულ სტანდარტთან შედარებით. მართალია, ევროპაში ფასნამატი დაბალია, მაღალი ბრუნვიდან გამომდინარე, თუმცა საქართველოში ფასები ხშირად იზრდება კონკურენციის სიმცირის, და არა მხოლოდ ხარჯების გამო..
თუ სწორედ ამ ორ რგოლს შევეხებით ვნახავთ, რომ კურსის რისკის პრემია( 5-8 %) და საცალო ქსელების ფასნამატი( 25-20%), ჯამურად შეადგენს 30-38 %-იან წილს საბოლოო ფასში.
შესაბამისად, თუ კურსის რისკის პრემია შემცირდება 2-3 %-მდე, რაც რეალურია ნაცვლად დღეს არსებული 5-8 %, ეფექტი იქნება 3-5 % პუნქტი, ხოლო თუ საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ნაცვლად 25–30 % შემცირდებოდა ეკონომიკურად გამართლებული დონემდე: 14–18 %, აქ გვაქვს 7–10 პუნქტიანი ზედმეტობა, რაც თავისუფლად იძლევა 10-15 %-იანი გაიაფების შესაძლებლობას. ეს ნაბიჯი მოკლევადიან პერსპექტივაში იქნება მომხმარებლისთვის რეალური შვება, ქსელისთვის კვლავ მოგებიანი ბიზნესი, ხოლო ეკონომიკისთვის მოთხოვნის ზრდა
მართალია, მთავრობამ შექმნა კომისია ფასების კვლევა-კოორდინაციისთვის, მაგრამ ასეთი ღონისძიებები უფრო რბილი ეფექტის მომტანია. ფასებს მაინც ბაზარი ადგენს, და თუ ბაზრის ფუნდამენტი არ იცვლება, შედეგიც მინიმალური იქნება. ამიტომაც, ხშირად ასეთ კომისიებს უფრო სარეკომენდაციო და ერთგვარი პოლიტიკური სიგნალის ფუნქცია აქვთ, ვიდრე ეკონომიკური ბერკეტის.
საპარლამენტო კომისიამ უნდა შეისწავლოს და მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე კონკურენციის ზრდის, ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, და იმპორტზე რისკების შემცირების თვალსაზრისით“, - წერს ცუცქირიძე.