Loading data...
გიორგი ცუცქირიძე: არ გამართლდა ოპონენტების პროგნოზი, რომ სებ-ი ვერ შეძლებდა დახარჯული რეზერვების აღდგენას, დღეს ვნახეთ, რომ სებ-მა ამ თვეში რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო

„არ გამართლდა ოპონენტების პროგნოზი, რომ სებ-ი უახლოეს მომავალში  ვერ უზრუნველყოფდა დახარჯული რეზერვების აღდგენას. დღეს ვნახეთ, რომ სებ-მა ამ თვეში რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, მთლიანად გამართლდა მოლოდინები კურსის რყევის ერთჯერად ფაქტორებზე. ინტერვენციებმა უზრუნველყო ბაზრის დამშვიდება და დღეს კურსი თავის ბუნებრივ მდგომარეობაშია, ხოლო ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელთან ახლოს.

„გვახსოვს, თუ რა აჟიოტაჟი იყო ატეხილი ცოტა ხნის წინ სებ-ის მხრიდან სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების გამო. რა ვერსია აღარ განიხილებოდა, რეზერვების დაცლის თუ მოსალოდნელი ეკონომიკური კოლაფსის ჩათვლით. იყო არაერთი მანიპულაცია ინტერვენციების მოცულობაზე, თითქოს ამ პერიოდში დახარჯული 600 მილიონი იყო კატასტროფა, რაც ეკონომიკას ჩამოაქცევდა.

ვინ აღარ იყო ჩართული ამ დამუქებულ საექსპერტო განხილვებში, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი თუ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომან გოცირიძის და ირაკლი გილაურის სახით.

ასევე, ტყუილი გამოდგა ინსინუაციები, რომ ხელოვნურად გრძელდება ლარის კურსის შეკავება. მთლიანად გამართლდა ჩვენი მოლოდინები კურსის რყევის ერთჯერად ფაქტორებზე, რაზეც სებ-ი მიანიშნებდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ინტერვენციებმა, თუნდაც მაღალი ინტენსივობით, უზრუნველყო ბაზრის დამშვიდება და დღეს კურსი თავის ბუნებრივ მდგომარეობაშია, ხოლო ეკონომიკური ზრდა ორნიშნა მაჩვენებელთან ახლოს. რაც მთავარია, გაცვლითი კურსის სტაბილიზაციასთან ერთად შენარჩუნებულია ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი.

ამასთან, არ გამართლდა კიდევ ერთი პროგნოზი, რომლის თანახმადაც, სებ-ი უახლოეს მომავალში ვერ უზრუნველყოფდა დახარჯული რეზერვების აღდგენას, რაც თავის მხრივ ეკონომიკაზე და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზეც ნეგატიურად აისახებოდა. პირიქით, სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ სებ-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარის შესყიდვა დაიწყო და უკვე ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია. ბუნებრივია, ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს, რასაც მაღალი ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური ფაქტორები თავისუფლად იძლევა“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.