Loading data...
გიორგი მარგებაძე მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრაზე: პირველად ხდება, რომ სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით, ჩვენი დასმული საკითხების მიმართ

„მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრას აფასებს და აღნიშნავს, რომ „დარგი ამ ყველაფერს მიესალმება“.

„მინისტრთან გამართულ წინა შეხვედრაზე დაისვა საკითხები დეველოპერებისა და ბიზნესის მხრიდან და მგონი, პირველად ხდება, რომ სამინისტრო დღეს უკვე მოვიდა კონკრეტული შედეგებით, ჩვენი დასმული საკითხების მიმართ, რომელიც მოიაზრებს საკანონმდებლო პროექტს ქონების გადასახადის კუთხით და ასევე, სხვა საკითხებს. დარგი ამ ყველაფერს მიესალმება“, - აცხადებს გიორგი მარგებაძე.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომელთა მიზანია სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, შიდა ენერგოგენერაციის მოცულობის ზრდა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება.

შეხვედრაზე, რომელიც „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გაიმართა, მინისტრმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლებიც ხელისუფლების ინიციატივით, ენერგეტიკის სექტორის 10 წლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელდება, მათ შორის, ელექტროსისტემის ქსელში დაერთების წესის ცვლილების აუცილებლობა, მუნიციპალიტეტებში გენერაციის ობიექტების საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესის ცვლილება, ჯარიმების პატიება, ხუთმეგავატიანი ელექტროსადგურების ხელშეწყობა და სხვა, მნიშვნელოვანი ინიციატივები.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, 2036 წლისთვის საქართველოში დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატს მიაღწიოს და განულდეს ელექტროენერგიის იმპორტი, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა.