გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს მდგრადობას, რაც ცალსახად არის დამსახურება ხელისუფლების ძალიან ძლიერი და სწორი პოლიტიკისა - თუ ჩავხედავთ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს, დავინახავთ, რომ რეგიონში, ახლო სამეზობლოში საქართველო ამ კუთხით არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო ზრდის პროგნოზი
„ეს არის ძალიან კარგი შედეგი ქართული ეკონომიკისთვის, იმ გარე და შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც გვაქვს“, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზის გაზრდასთან დაკავშირებით.
მან იმ შიდა და გარე ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკაზე.
„გარე ფაქტორები მთელს მსოფლიოზე ახდენს გავლენას, მაგრამ არის შიდა ფაქტორები, რომლებიც ჩვენზე ახდენს გავლენას. ამდენი შიდა რყევების ფონზე, რამდენადაც სცადა სხვადასხვა ჯგუფმა ქვეყნის შიგნით, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის სხვადასხვა ფორმით ზიანი მიეყენებინა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ძლიერად იზრდება.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ნაკლებად რომ არყევდნენ ცალკეული, ჩემი აზრით, სრულიად მართული ჯგუფები საქართველოს ეკონომიკას, ზრდის მაჩვენებელი მეტი დაფიქსირდებოდა. თუმცა, საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს მდგრადობას, რაც ცალსახად არის დამსახურება ხელისუფლების ძალიან ძლიერი და სწორი პოლიტიკისა“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ტენდენციას, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მუდმივად ზრდიან საქართველოსთან დაკავშირებით წლის დასაწყისში გაკეთებულ საკუთარ პროგნოზებს.
„აზიის განვითარების ბანკმა გაზარდა პროგნოზი, მაგრამ უკვე „ჩვევად გვაქვს“, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები წლის დასაწყისში აკეთებენ მაღალ პროგნოზს და აუცილებლად უწევთ ამ პროგნოზის გადახედვა პლუს ნიშნით. აზიის განვითარების ბანკი არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი და გასულ წელს ყველა საერთაშორისოს საფინანსო ინსტიტუტს არაერთხელ მოუწია საკუთარი პროგნოზის ცვლილება პლუს ნიშნით. ამას ველოდებოდით წელსაც“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზარდა.
„საინტერესოა ერთი დეტალი - საქართველოს ეკონომიკის წარმატება, თითქოს, რიგითი მოვლენაა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ზრდისა და პოზიტიური შეფასებების ნაწილს ძალიან შევეჩვიეთ. თუ ჩავხედავთ აზიის განვითარების ბანკის ამ პროგნოზს, დავინახავთ, რომ რეგიონში, ახლო სამეზობლოში საქართველო ამ კუთხით არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო ზრდის პროგნოზი. ანუ რეგიონში საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ზრდა.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვიხარია ჩვენი მეზობლების წარმატება და აღფრთოვანებულები ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ აი, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ზანგეზურის დერეფანი კარგია - ეს შუა დერეფნის დამატება იქნება ჩემთვის და არა ახალი გზა - მაგრამ ამ ყველაფერმა ჯამში რა მოიტანა, რაიმე ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაიზარდა? ახალი მოლოდინები შეიქმნა? ახალი რამე მოხდა? როდესაც ეიფორია გადაივლის ხოლმე და არენაზე პრაგმატიზმი შემოდის, პრაგმატიზმში ჩანს, რომ საქართველოს პოლიტიკა და გზა არის სწორი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისა და განვითარებისთვის. ამას საქართველოს მოქალაქეები ხომ არ ვამბობთ - აზიის განვითარების ბანკი ამბობს, რომ რეგიონში ან უცვლელია ვითარება ან გაუარესებულია და სადაც გაუმჯობესებულია, ეს საქართველოა და ეს არის ფაქტი“, - განაცხადა აბაშიშვილმა.