Loading data...
გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ჩამოყალიბდა CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, რომელშიც საქართველოც გაერთიანდა. ალიანსი თანამშრომლობის ღია პლატფორმაა, რომელიც CAREC-ის წევრი ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებს და ბიზნესასოციაციებს აერთიანებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსში საქართველოს გაერთიანება ხელს შეუწყობს ქვეყნის თანამშრომლობას აღნიშნული პროგრამის სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან შემდეგი მიმართულებებით - კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რეგიონის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების, მათ შორის, ახალი ბიზნესპარტნიორობების ხელშეწყობა.

„ალიანსი კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში და ხელი შეუწყოს ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით თანამშრომლობას“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და სადისკუსიო პანელში, რომელიც შუა დერეფნის განვითარების მიმართულებებს მიეძღვნა.