Loading data...
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა

„მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს,” - განაცხადა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორმა ზვიად ჩხარტიშვილმა.

„ტვირთბრუნვის ზრდის არსებული დინამიკის გაგრძელების შემთხვევაში, გვაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ უკვე წელს მაქსიმუმ მაჩვენებლებზე გავალთ,“ - აღნიშნა ფოთის პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

„ეს მაჩვენებლები დადებითია როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის. ფოთის ნავსადგური ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს, სომხეთს და ცენტრალური აზიის რეგიონს. გვაქვს მოლოდინი, რომ ცენტრალური აზიიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტირებული ტვირთის ოდენობა, რომელიც საქართველომ და ფოთის პორტმა გაატარონ, გაიზრდება, ასეთივე პოზიტიური პროგნოზი გვაქვს ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი კონტეინერებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის უფროსმა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 7 მლნ ტონა, რაც 5,9 პროცენტით მეტი წინ ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება უშუალოდ საკონტეინერო გადაზიდვებს, 2025 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავდა 19,5 პროცენტით მეტი კონტეინერები, რაც რეკორდული მაჩვენებელია.