Loading data...
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები

ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.

ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციები მიმდინარე კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეცვლა.

„რთული გეოპოლიტიკური გარემო და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ინფლაციის შემცირება და AI ცვლილებებთან დაკავშირებული ძლიერი საინვესტიციო ციკლი ეკონომიკას მნიშვნელოვნად აძლიერებდა. ევროკავშირის ეკონომიკაც ანალოგიურად ძლიერდებოდა, ხოლო ინფლაციური ზეწოლა კიდევ უფრო სუსტდებოდა. კონფლიქტმა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა და გამოიწვია გლობალური ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება უახლეს ისტორიაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, გლობალური ზრდა [ევროკავშირის გამოკლებით] 2026 წელს 3.1%-ით, ხოლო 2027 წელს 3.5%-ით არის პროგნოზირებული. რაც შეეხება ევროკავშირს, 2026 წელს პროგნოზირებულია 1.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2027 წელს 1.4%.

„ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინფლაცია, მოსალოდნელია, უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, რაც ასახავს როგორც რეგიონში სამომხმარებლო კალათაში ენერგომატარებლების უფრო მაღალ წილს, ისე ნომინალური ხელფასების უფრო დინამიკურ ზრდას. მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და ევროკავშირის სხვა ცენტრალური ბანკების უმეტესობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებენ ან, მინიმუმ, ადრე მოსალოდნელ შემსუბუქების ზომებს გადადებენ“, - წერს ევროკომისია ანგარიშში.

ევროკავშირის ქვეყნების პროგნოზებთან ერთად, ანგარიში ასევე აერთიანებს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ მიმოხილვას და პროგნოზებს. აღნიშნულ ნაწილში განხილულია საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ძირითადი ტენდენციები და მოლოდინები შემდგომი წლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის გაზაფხულის განახლების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 5.5%-მდე გაუმჯობესდა (2025 წლის შემოდგომის ანგარიშის შემდეგ, სადაც 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული).

„2025 წელს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შენელდება, თუმცა 2026 და 2027 წლებში კვლავ ძლიერი დარჩება და 5-5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ენერგომატარებლების ფასების ზრდის გავლით აისახება. ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები, მოსალოდნელია, რომ იქნება მომსახურების სფეროები - ICT, განათლება და ტურიზმი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი დარჩა და 7.5% შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს დაფიქსირებული 9.7%-იანი ზრდის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით შენელდა. მიწოდების მხარეს, ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით ICT და განათლება, ასევე წარმოების სექტორი განაპირობებდა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების სექტორების წვლილი უარყოფითი იყო. ხოლო, მომსახურებების სექტორში გაზრდილი პროფიციტისა და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-მდე შემცირდა.

„მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, 2026 და 2027 წლებში 5-5.5%-ს მიაღწევს, რაც მის გრძელვადიან პოტენციალს შეესაბამება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი კვლავ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იქნება, რასაც ხელს შეუწყობს რეალური ხელფასების გაგრძელებული, თუმცა შედარებით ნელი ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტების მაღალი ტემპი და ფულადი გზავნილების შემოდინება“, - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.

რაც შეეხება ინფლაციას, ანგარიშის თანახმად 2026 წელს ინფლაციის შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.

ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება, რომელიც 5.125% კუპონის საპროცენტო განაკვეთით განხორციელდა.

„2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით მოახდინა 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება დაბალი 5.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით“, - წერია ანგარიშში.