ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მუმბაიში გამართულ Global Fintech Fest 2026 (GFF)-ში მიიღო მონაწილეობა.
Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გალდავამ მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - „Building Trust in Cross-Border Payments“ (ტრანსსასაზღვრო გადახდებში ნდობის გაძლიერება). საუბარი შეეხო უსაფრთხო, სანდო და ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებას, მათ შორის, საგადასახადო სისტემების ურთიერთთავსებადობას, გადახდების სისწრაფისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ასევე, სხვადასხვა იურისდიქციის საგადასახადო ინფრასტრუქტურებს შორის კავშირების გაძლიერებას.
ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე RTGS სისტემის დანერგვაზე, ISO 20022 სტანდარტზე გადასვლაზე, მყისიერი გადახდების სისტემის განვითარებასა და საქართველოს საგადასახადო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სისტემებთან სამომავლო დაკავშირებისა და ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობებზე.
Global Fintech Fest-ში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია ჭყონია.
ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის (RBI), NPCI International Payments Limited-ის (NIPL) და ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი ფინტექ კომპანიის - PhonePe-ის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განიხილეს საგადასახადო სისტემების განვითარების აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, მათ შორის, მყისიერი და ტრანსსასაზღვრო გადახდების, თანამედროვე საგადასახადო ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური საგადასახადო სერვისების განვითარების მიმართულებით.